მონაცემთა წყაროები

ჩვენი კვლევა ქართულ შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების სამ უმსხვილეს ვებ წყაროს ეფუძნება, ესენია — jobs.ge, hr.ge, hr.gov.ge. 2018 წლის თებერვლიდან ჩვენ რეგულარულად ვამოწმებთ სამივე წყაროს და ვაახლებთ ვაკანსიების ერთიან მონაცემთა ბაზას. მონაცემთა შესაგროვებლად გამოყენებული კოდი ხელმისაწვდომია ჩვენ GitHub გვერდზე და ღია რესურსია ყველა დაინტერესებული პირისთვის.

მონაცემთა შეგროვების და თავმოყრის თვალსაზრისით საგულისხმოა, რომ ამ ვებ-გვერდებზე თუნდაც ერთი და იგივე ვაკანსია სხვადასხვა ფორმითაა განთავსებული. მაგალითად, jobs.ge-ზე განთავსებული ვაკანსია ჩვეულებრივ ასე გამოიყურება:



ხოლო hr.ge-ზე იგივე ვაკანსია ასე გამოიყურება:



როგორც ხედავთ, hr.ge-ზე ვაკანსიის შესახებ ან უფრო მეტი ინფორმაციაა მოცემული ან ეს დეტალები უფრო ადვილად მიკვლევადია. მაგალითად, ისეთი მნიშვნელოვანი დეტალები, როგორებიცაა ანაზღაურება, მოთხოვნილი კვალიფიკაცია და განათლება ცალკე ველშია მითითებული. jobs.ge-ს შემთხვევაში ეს ინფორმაცია განცხადების ტექსტიდან უნდა ამოვიკითხოთ.

რა თქმა უნდა, ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე ვაკანსია რამდენიმე ვებ-გვერდზე ქვეყნდება. ამიტომ მეთოდოლოგიის თემაზე პირველი პოსტი მივუძღვენით მონაცემთა თავმოყრისას მათ გაცხრილვას.

hr.gov.ge საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდია და მხოლოდ საჯარო სექტორში არსებული ვაკანსიებს აქვეყნებს, ამიტომ პირველ ორ საძიებო საიტთან გადაკვეთა ნაკლებია (თუმცა იშვიათ შემთხვევებში, ასეც ხდება). მიუხედავად ამისა ანალიზისთვის გასათვალისწინებელია hr.gov.ge-ს ვაკანსიების განსხვავებული სტრუქტურა, რომელიც ასე გამოიყურება:



ამ სხვაობებით გამოწვეულ და სხვა სიძნელეებს მეთოდოლოგიის თემაზე პოსტებში დეტალურად განვიხილავთ. ამ სამი ვებ გევრდის ერთობლიობა ქართული შრომის ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილს ასახავს, თუმცა არა სრულ ბაზარს. იმედი გვაქვს, მომავალში შევძლებთ ჩვენ მონაცემეთა ბაზასა და ანალიზში დამატებითი წყაროების ინტეგრირებას.