საქართველოს შრომის ბაზრის კვლევის შესახებ
ქვეყნის შრომის ბაზარზე დაკვირვება ბევრი საინტერესო აღმოჩენის გაკეთების საშუალებას იძლევა ქვეყნის ეკონომიკის, განვითარების დონის და საზოგადოების თავისებურებების შესახებ. დღეს საქართველოს შრომის ბაზრის ტენდენციებზე დამკვირვებლებისთვის ინფორმაციის რამდენიმე ძირითადი წყარო არსებობს: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) დასაქმების და ხელფასების სტატისტიკა და შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა; ასევე საინტერესო წყაროა კავკასიის კვლევითი რესურს ცენტრების საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა - კავკასიის ბარომეტრი.
თუმცა შრომის ბაზარი ისეთი ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც მხოლოდ ყოველწლიურად განახლებადი რამდენიმე ციფრით სრულად ვერ აღწერ. ჩვენი კვლევის მიზანია შრომის ბაზრის ანალიზისთვის კიდევ ერთი წყაროს გაჩენა, რომელიც ყველასთვის კარგად ნაცნობ და ღია ვებ-რესურსებზე განთავსებულ ინფორმაციას დაეფუძნება და საშუალებას მოგვცემს, „მუდმივად გვეჭიროს ხელი საქართველოს შრომის ბაზრის პულსზე“.

რა თქმა უნდა, ამ მონაცემებს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს, რომლებსაც კარგად გაანალიზება და გათვალისწინება სჭირდება. ამ საკითხებზე განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ მეთოდოლოგიის შესახებ პოსტებში მიუხედავად გარკვეული შეზღუდვებისა, ახალი ტექნოლოგიების წყალობით ხელმისაწვდომი მონაცემები მნიშვნელოვანი ახალი წყაროა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ e-Labour მნიშვნელოვნად გაამდიდრებს ჩვენ ცოდნას საქართველოში შრომის ბაზრის მდგომარეობაზე და უკეთესად მოამზადებს როგორც დამსაქმებელს, ადამიანური რესურსების თანამშრომლებს, ისე სამსახურის მაძიებლებს, დასაქმების სააგენტოებს, პროფესიული თუ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს და მედიას; ასევე, შეასუსტებს ან გაამყარეს გავრცელებულ შეხედულებებს დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.
ჩვენ სისტემატურად განვაახლებთ მონაცემებს, დავაკვირდებით ტენდენციებს და საინტერესო ჭრილში გაანალიზებულ შედეგებს მოგაწვდით. შედეგებთან და დასკვნებთან ერთად დეტალურად გაგაცნობთ მონაცემთა დამუშავების მეთოდებს და მიდგომებს, რომ სწორად მოხდეს შედეგების ინტერპრეტირება.