დასაქმების შესაძლებლობები საქართველოში

2018 წლის თებერვალ-აპრილის მიმოხილვა

საქართველოში ონლაინ საძიებო საიტებზე გამოქვეყნებული ვაკანსიების მონაცემების შეგროვება და ანალიზი 2018 წლის თებერვლის მეორე ნახევრიდან დავიწყეთ. შემდგომი სამი თვის განმავლობაში (აპრილის ჩათვლით) შეგროვებული მონაცემები დასაქმების ზოგადი ტენდენციების დანახვის საშუალებას გვაძლევს. ჩვენ განვაგრძობთ მონაცემების შეგროვებას და დამატებით მანიპულაციებს შრომის ბაზრის სხვადასხვა ასპექტების სიღრმისეული ანალიზისთვის. თუმცა იქამდე, შესავლის სახით, თებერვალ-აპრილის მდგომარეობის ზოგად მიმოხილვას გთავაზობთ.

მაშ ასე, შესწავლილ სამივე წყაროზე სამი თვის განმავლობაში 17,748 ვაკანსია გამოქვეყნდა (*გაფილტრულია ორ ან მეტ წყაროზე გამოქვეყნებული ერთი და იგივე ვაკანსია, იხილეთ მეთოდოლოგია), მათ შორის ყველაზე მეტი მარტში გამოქვეყნდა - 7,133. თებერვალში ყველაზე ნაკლები განცხადებაა აღრიცხული (სულ 4,598), რაც იმითაც შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ მონაცემების შეგროვება თებერვლის მეორე ნახევრიდან დავიწყეთ და განაცხადების გარკვეული რაოდენობა, რომელიც ორ-სამ კვირაზე ნაკლები ვადით იყო გამოქვეყნებული, დაიკარგა. შედარებისთვის, საქსტატის მონაცემებით 2017 წელს საქართველოში უმუშევარი ადამიანების რაოდენობა 276,400 იყო.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე (ვიზუალიზაცია 1) მარტივად შეამჩნევთ, რომ ვაკანსიების გამოქვეყნება ტრადიციულად სამუშაო დღეებში ხდება; ყველაზე აქტიურია სამშაბათი და ხუთშაბათი. არის ისეთი დღეები, როდესაც 450-ზე მეტი ვაკანსია ცხადდება სამივე წყაროზე ერთად. აღნიშნულ დიაგრამაზე არ ჩანს, მაგრამ სამუშაო კვირის დღეებში ნაკლებ აქტიურია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდი, სადაც მთელი კვირის მანძილზე ყველაზე მეტი ვაკანსია ხშირად კვირა დღეს იდება.

არ გაგიკვირდებათ და ვაკანსიების დიდი უმრავლესობა (თითქმის 70%) თბილისშია თავმოყრილი. მეორე ადგილზეა ბათუმი 1,000 ვაკანსიით, რომელიც ამ სამ თვეში გამოცხადებული ვაკანსიების მხოლოდ 5.6% შეადგენს. ტრადიციულ დიდ ქალაქებს - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი, თელავი მოჰყვება 224 ვაკანსიით (ვაკანსიების საერთო რაოდენობის 1%), ზუგდიდი 194 განცხადებით, ფოთი - 177, გორი - 139, მცხეთა - 105 და მარნეული - 104 ვაკანსიით.

ვიზუალიზაცია 1

შენიშვნა: დიაგრამებს აქვთ ფილტრის ფუნქცია. მაგალითად, დიაგრამაზე მოცემული თითოეული დამსაქმებლისთვის შესაძლებელია ვაკანსიების გამოცხადების სიხშირის ნახვა.

ვაკანსიების დიდი წილი გაყიდვების სფეროზე მოდის. ქვემოთ მოცემული სიტყვათა ღრუბლიდანაც თვალშისაცემია „გაყიდვების მენეჯერის“, „მოლარე-კონსულტანტის“, „კონსულტანტის“, „პრისელერის“ და გაყიდვების და საცალო ვაჭრობის სფეროს სხვა წარმომადგენლების ვაკანსიების სიმრავლე. ასევე ხშირია ტურისტული და სამედიცინო სფეროს ვაკანსიები. აღსანიშნავია, რომ ვაკანსიების ტიპების და დამსაქმებლების გადანაწილების მხრივ, დიდი განსხვავება არაა თბილისს და დანარჩენ ქალაქებს შორის. ერთადერთი, რაც მნიშვნელოვნად იცვლება, ვაკანსიების სიხშირეა. შემდგომ პოსტებში უფრო დეტალურად გავაანალიზებთ ვაკანსიების სფეროებს და ტიპებს.

ვიზუალიზაცია 2

შენიშვნა: დიაგარმებს აქვთ ფილტრის ფუნქცია. მაგალითად, სიტყვათა ღრუბელში ერთ-ერთი ვაკანსიის მონიშვნით შეგიძლიათ ნახოთ ქვემოთ მოცემული ქალაქებიდან სად გამოცხადდა აღნიშნული ვაკანსია და რამდენი და პირიქით.

დამსაქმებლებს შორის წამყვანი პოზიციები საბანკო სფეროს წარმომადგენლებს უჭირავთ. როგორც ზემოთ მოცემული დიაგრამიდანაც ჩანს (ვიზუალიზაცია 1), ბანკებს შორის ლიბერთი ბანკი 522 ვაკანსიით დომინირებს, რაც ბანკის ახალი მფლობელით და 2017 წლის ბოლოს - 2018 წლის დასაწყისში მათთან მიმდინარე რეორგანიზაციით აიხსნება. ასევე მსხვილ დამსაქმებლებს შორისაა საცალო ვაჭრობის სფეროში დიდი ქსელების მქონე კომპანიები - კარფური, დიპლომატ ჯორჯია, ნიკორა ტრეიდი, გორგია და ელიტ ელექტრონიქსი. მსხვილი დამსაქმებელია საჯარო სექტორიც, მათ შორის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი, საქართველოს ფოსტა, იუსტიციის სახლი და შემოსავლების სამსახური.

საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც დამსაქმებლის ველში მითითებულია ზოგადად „კომპანია“ და არ არის დაკონკრეტებული სახელი ან საქმიანობის სფერო. რიგ შემთხვევებში, საქმიანობის შესახებ მოკლე ინფორმაცია მოცემულია განცხადების ტექსტში. თებერვალ -აპრილში სხვადასხვა „კომპანიების“ მიერ 300-მდე ასეთი ვაკანსია გამოქვეყნდა.